შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულნი - საოკუპაციო ხაზს მიღმა.
„მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა ან წვდომისა, ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ინციდენტი განმუხტულია. თავისუფალი მიმოსვლა სრულიად აღდგენილია. მოსახლეობისათვის არც შეზღუდულა და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.
„მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი, იმიტომ რომ ვცხოვრობთ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მავთულხლართების მიღმა, საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცები დგანან, ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზებია და ამ პირობებში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ის არის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ავირიდოთ თავიდან. ამ პასუხისმგებლობისაგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ არიან თავისუფალნი. ეს, პირველ რიგში, ჩვენი საერთო სიკეთისათვის და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა. ამიტომ, მაქსიმალურად სწორი ინფორმაციითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ აღჭურვილი. აქტივისტების მხრიდან იყო გარკვეული განცხადებები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დამატებით დაძაბულობას აჩენდა. ხაზს ვუსვამ, რომ ისედაც, ცხადია, ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რთულია და არ არის საჭირო გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.