შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, თბილისის საკრებულოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მიმართა და საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.
“გილოცავთ გაზაფხულის შემოსვლის, დღისა და ღამის გათანაბრების, დედამიწის გამოცოცხლების დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების, სიკეთის, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი.
“ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მას. ღირსეულად გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რაც ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს.
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა თანასწორი იყოს, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ჩართული იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში”, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაციისა და ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის მუსიკალური სტუდია „მეიდანის“ ხელმძღვანელი, აშუღი ქალი ნარგილა მესტიევა მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე შესრულდა აზერბაიჯანული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აზერბაიჯანული კულტურის ნიმუშები გამოიფინა.