შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ზემო ოროზმანისა და ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლების უფროსკლასელებიც ესწრებოდნენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციით წარსდგნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებიც, სადაც 1+4 სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღება სხვა სასწავლებლების მსგავსად ხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. გამარტივებული სისტემა ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლოვაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.
2010 წლიდან მოყოლებული პროგრამაზე ჩარიცხული ახალგაზრდების რაოდენობა მუდმივად იზრდება.