შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალას საჯარო სკოლაში გაიმართა.
სოფლების - განჯალის, კაბალის, ფონასა და არაშფერანის სკოლების უფროსკლასელებთან 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის, მის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებისა და მასში ჩართვის პროცედურების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს. მოსწავლეებს პირობებსა და პერსპექტივებზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ, სადაც 1+4 სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღება სხვა სასწავლებლების მსგავსად ხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს პრეზენტატორებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.
2010 წლიდან მოყოლებული პროგრამაზე ჩარიცხული ახალგაზრდების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მიმდინარე წელს კი 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულმა ახალგაზრდებმა თავად დაიწყეს ინფორმაციის მიწოდება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თანატოლებისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობრივი საქმიანობის შედეგად მათ უკვე 13 მუნიციპალიტეტის 71 სოფელში გამართეს შეხვედრა. ჩატარებული ტრენინგების რაოდენობამ 66-ს მიაღწია, რომელთაც 1006 ადამიანი დაესწრო.
აღნიშნული პროექტი - ტრენერთა ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მხარდაჭერით ხორციელდება.