შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, გამყოფი ხაზისპირა სოფელ ატოცში საჯარო სკოლაში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის,რისკებისა და პრევენციის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მიიღეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ტრეფიკინგის ფონდისა და იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ოფისის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს. შეხვედრის ბოლოს პრეზენტატორებმა კითხვებს უპასუხეს.
საკონსულტაციო შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა.