ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, ირაკლი კვარაცხელიას საქმე და გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა იყო საუბრის ძირითადი თემა შეხვედრებზე, რომლებიც სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გამართა.
თავდაპირველად ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. შეხვედრები აგრეთვე გაიმართა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ნდობის აღდგენის მექანიზმების სამმართველოს უფროსთან ანა კაპელოსთან და ანტიდისკრიმინაციული სამსახურის უფროსთან ჰალვარდ გორსეტთან.
სახელმწიფოს მინისტრის თქმით, შეხვედრებზე საუბარი იმ მთავარ გამოწვევებს შეეხო, რომლებიც საქართველოს აქვს.
„ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების მაგომარეობა და მიმდინარე ოკუპაციით გამოწვეული პრობლემებია, რომელთაც ათასობით ადამიანი აწყდება - დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებშივ ვერ ბრუნდებიან, გაყოფილ სოფლებში მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობა და ყველაზე მეტად ამ წნეხის ქვეშ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანები არიან. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას. გამოწვევებს, რომელთაც ისინი წლების განმავლობაში აწყდებიან და რაც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს.
„ასევე, ვისაუბრეთ ბოლო, უმძიმეს ტრაგიკულ ინციდენტზე - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე, ამასთან დაკავშირებით დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გარემოებებზე. რაც მთავარია, ევროკომისარმა გამოხატა მაღალი ინტერესი და სურვილი განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა მოვძებნოთ გზები ამ ადამიანების დასახმარებლად და ეფექტურად გამოვიყენოთ ხელთ არსებული ინსტრუმენტები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა ქეთევან ცხელაშვილმა.
შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებაც იყო. ამ თვალსაზრისით საქართველოს პოლიტიკა დადებითად შეფასდა. პოზიტიური შეფასება მიეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის მხრივ საქართველოს ლიდერის პოზიცია უჭირავს და რომ ევროკავშირ- საქართველოს შორის, ამ კუთხით, გამორჩეული თანამშრომლობა არსებობს.