შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენციაზე „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ მოხსენებით წარსდგა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული მიდგომა გრძელდება. მისი თქმით, განსაკუთრებით შეზღუდულია ახალგაზრდების, მოსწავლეების უფლებები გალისა და ახალგორის რაიონებში, ვინაიდან მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
„სკოლების რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტობრივად ყველა ქართულენოვანი სკოლა დღეს რუსულენოვან სწავლებაზეა გადასული. წარმოიდგინეთ რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთათვისაც რუსული ენა მშობლიური არ არის, ოჯახებში ამ ენაზე არ საუბრობენ. მათ სხვადასხვა საგანი უნდა ისწავლონ რუსულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობების განათლება ძალიან დაბალი ხარისხის იქნება.
„გარდა ამისა, წარმოიდგინეთ იმ პედაგოგების მდგომარეობა, რომელთაც ქართულის გარდა სხვა ენაზე სწავლების გამოცდილება და პრაქტიკა არასოდეს ჰქონიათ. დღეს კი სამსახურის დაკარგვის შიშით ამ ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებენ. მესამე გამოწვევა კი სასწავლო რესურსების ხარისხი გახლავთ. მდგომარეობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გართულდა. ეს დისკრიმინაციული მიდგომა საბავშვო ბაღებშიც კი ვრცელდება,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
კონფერენციაზე მან
საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებზეც ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას გამარტივებას გულისხმობს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინიციატივა ამჟამად უკვე ინპლემენტაციის პროცესშია. უკვე ამოქმედდა მისი ერთ-ერთი კომპონენტი საგრანტო პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, მიმდინარეობს რეგისტრაცია სკოლის შემდგომი განათლების პროგრამაზე, რომელიც იმ ახალგაზრდებს, ვინც საშუალო განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო, მოსამზადებელ პროგრამაზე ჩარიცხვას და საცხოვრებელი პირობებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფას სთავაზობს.