2-3 აპრილს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა, რომელზეც მთავარი თემა გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე იყო. თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას ტყვეობაში გარდაცვალების გამო და დეტალური ინფორმაციის გაზიარება მოითხოვეს.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ.
საქართველოს დელეგაციამ ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. კერძოდ აღინიშნა: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი და ა.შ.
მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა წინა რაუნდების მსგავსად დატოვეს.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.