შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
"დღეს განსაკუთრებული დღეა - სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ისევე როგორც კათოლიკური ეკლესია, აღდგომას ზეიმობს, მართლმადიდებლური კი - ბზობის დღესასწაულს. მინდა ყველას მივულოცო ეს მართლაც ბრწყინვალე დღე. თითოეულ ოჯახს მინდა ვუსურვო გახარება და კეთილდღეობა. მშვიდობიან, გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს.
„ჩვენთვის, თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, რა თქმა უნდა, თანასწორია. მთავარი ამოცანა ისაა, რომ ჩვენს საერთო ქვეყანაში, საერთო სამშობლოში, თითოეული ოჯახი ძალიან ძლიერი იყოს. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს დღესასწაული და დავადასტურო, რომ სახელწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა გვქონდეს მეტი მრავალფეროვნება და დავიცვათ ის კულტურული სიმდიდრე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და რაც უნიკალურია. მეორეს მხრივ კი, მივაღწიოთ სამოქალაქო ინტეგრაციას, როცა თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად არის ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.