შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში რუსულ პროპაგანდას თავისი გეოგრაფია გააჩნია - ერთის მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ რეგიონები სრულ იზოლაციაშია, ხოლო მეორეს მხრივ კი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სახელმწიფო ქართული ენის ცოდნის არადამაკმაყოფილებელი დონის გამო ბევრი მოქალაქე ერთიანი ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმაა.
„რა თქმა უნდა, ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი ორივე მიმართულებით შევავსოთ. აქ მხოლოდ სატელევიზიო მედია არ მოიაზრება. სამწუხაროდ ძალიან ბევრი საშუალებაა, რასაც რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია მთლიანად საქართველოში იყენებს. ეს არის სოციალური ქსელები, კონკრეტული პირები. ასევე, საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან ხშირია პირდაპირი ზეწოლა მზარდი კონტაქტების პარალელურად გამყოფი ხაზის გასწვრივ. ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბოლო პერიოდში ეს კონტაქტები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მიმართულებით მზარდია. თუმცა ამის პარალელურად რუსეთი ყოველთვის ასევე მზარდ დაბრკოლებებს იყენებს. ექნება ამას მავთულხლართებისა თუ ე.წ. რეგულაციების, დაშინებისა და შანტაჟის ფორმა.
„ასევე, თქვენთვის ცნობილი მაგალითია ის ისტერია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ახლავს თან და ძალიან ბევრი უკანონო მოქმედებისთვის, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისათვის ეს საბაბი გამოიყენება. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში მოსახლეობისათვის გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებით ერთი, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ორი თვით იყო ჩაკეტილი, რაც უმძიმესი დარტყმა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისათვის. ამ დროსაც ჩვენ ის უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული არგუმენტები მოვისმინეთ, თითქოს ეს ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდებოდა.
„რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს ერთმანეთს ვერც შევადარებთ რადგან იქ თუ ენის ბარიერია, ამ ბარიერს იმით ვლახავთ, რომ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე ვაწვდით. სამინისტროების წარმომადგენლები ფაქტობრივად კარდაკარ დავდივართ და სხვადასხვა სერვისის, ზოგადად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ვუზიარებთ. ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანესი გარღვევაა, რადგან გვყავს თაობა, რომელიც საუბრობს როგორც მშობლიურ, ისე ქართულ ენაზე და თავად ხდებიან ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. ეს ახალგაზრდები შარშან თავიანთ რეგიონებში იყვნენ ჩასულები და 4000-მდე ადამიანს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ევროინტეგრაცია და რა კონკრეტული სარგებლის მომტანია ეს მათი თემისთვის. ასეთი რამ ჩვენ ადრე არ გვქონია.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანალოგიურ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ვერ ვახორციელებთ. აქ სხვა საშუალებებია. მათ შორის სოციალური მედია, მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება ის კონტაქტებია, რომლებიც იზრდება, დიალოგის სხვადასხვა პლატფორმა და ნდობის მშენებლობის პროექტები. ჩვენი პარტნიორების დახმარებით მეტ ძალისხმევას მივმართავთ ასეთი პირისპირ შეხვედრებისკენ, რადგან ეს ამსხვრევს სტერეოტიპებსა და დეზინფორმაციას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.