შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიისთვის აშშ-ის დახმარების კოორდინატორის მოადგილეს ჯეიმს მერზს შეხვდა.
შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. საუბრის ძირითადი თემა კი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც იმპლემენტაციის პროცესშია.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო ინიციატივა, მისი არსი და მიზნები. მიმართულებები, რომელთაც იგი მოიცავს და შეღავათები, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების როლს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების საქმეში.
შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.