შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილესთან თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათ პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გააცნო.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა როგორც სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ისე მისი ერთ-ერთი კომპონენტი „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც უკვე ამოქმედდა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას. მოსახლეობისაგან არაერთი კითხვა დაისვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის ცხინვალის რეგიონიდან, ახალგორიდან დევნილებთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც რეგულარული კონტაქტი და შეხება აქვთ ნათესავებთან, თავადაც ცხოვრობენ ახალგორში, სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა იმ სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება. დღეს ვისაუბრეთ ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გათვალისწინებულ ახალ პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც გათვლილია მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეკონომიკური საქმიანობისა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გზით. ასეთი ვაჭრობა დღესაც მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ოჯახისათვის, არამხოლოდ ქართული ოჯახებისათვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია, მეტი ჩაერთოს, მეტმა ისარგებლოს და ამით გვერდში დავუდგეთ იმ უდიდეს წნეხთან გამკლავებისას, რასაც მათ რუსული ოკუპაცია უქმნის“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.