ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 93-ე შეხვედრა დასრულდა
16 მაისი 2019
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 93-ე შეხვედრა დასრულდა, შეხვედრაზე რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტზე დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა, ასევე ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნა იყო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარული საქმეზე არსებულ კითხვებზე ობიექტური პასუხების გაცემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
დღის წესრიგში დადგა ასევე, რუსული სამხედრო შვეულმფრენის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე უკანონო ბარიერების აღმართვისა და მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხიც დააყენა.
სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.