შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული მრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „კავკასიური მრავალფეროვნება - ფარაჯანოვი 95 წელი“ სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიების ფარგლებში „1+4 საგანმანათლებლო პროგრამაში“ ჩართული სტუდენტების მონაწილეობით სერგო ფარაჯანოვის შესახებ ფილმი „ჩვენი ფარაჯანოვი“ შეიქმნა, რომელიც შემოქმედის 95 წლისთავს მიეძღვნა. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
ლია გიგაურმა შეკრებილ საზოგადოებას კულტურული მრავალფეროვნების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ სიმბოლოდ შეგვიძლია ძველი თბილისი განვიხილოთ, სადაც არაერთი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ერთად ცხოვრობს, აღიარებს და აფასებს ერთმანეთის კულტურას.
„მგონია, რომ დღეს, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებული გვაქვს და გარკვეულმა ძალებმა კულტურული, ეთნიკური განსხვავებულობა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ ერთად ვართ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, კარგად ვიცით, რომ ამის უფლება არასოდეს არავის აღარ უნდა მივცეთ. მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ კულტურული მრავალფეროვნება შეიძლება სიძლიერედ, ჩვენი ქვეყნის განვითარების უნიკალურ პირობად ვაქციოთ და არა დაპირისპირების საფუძვლად“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
ღონისძიების მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა საუნივერსიტეტო და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის ამაღლება იყო.