შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას 26 მაისი მიულოცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ლევან ხარატიშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მერთან ზაურ დარგალთან ერთად მან გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და სტენდები დაათვალიერა, დაესწრო შეჯიბრს ქართულ ჭიდაობაში და გამარჯვებულები დააჯილდოვა. 17 საათსა და 10 წუთზე კი მარნეულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
“გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს ჩვენ დამოუკიდებლობის დღესასწაულს ვზეიმობთ! 26 მაისი ჩვენი ქვეყნისათვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, რადგან თავისუფლება ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც კი გაგვაჩნია. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ამ რეგიონში ეს ძალიან კარგად ჩანს. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და კულტურის მატარებელი ადამიანები ერთმანეთის გვერდით, საუკუნეების მანძილზე, ერთად ქმნიან ქვეყნის დოვლათს, აძლიერებენ და ავითარებენ ქვეყანას.
„დღეს ჩვენი საერთო დღესასწაულია, რადგან იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება და დამოუკიდებლობაა, ადამიანისა თუ ქვეყნისათვის, არ არსებობს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც გამყოფი ხაზების მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ვუსურვო მათ, რომ სულ მალე ერთად გვეზეიმოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესასწაული.
„თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდმივად ზრუნვა, განვითარება და შენარჩუნება სჭირდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად მისი საცხოვრებელი ადგილისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თავისუფლად და დამოუკიდებლად იგრძნოს თავი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვოთ სიძლიერე და ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. სწორედ ასეთი გარემო გვინდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის საწინდარი,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულში კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.