შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ, საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ეხმაურება.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და იძულებით გადაადგილებულ პირებს დაბრუნების განუყოფელი უფლების განხორციელებისათვის გააჩნიათ.
„ეს რეზოლუცია ჰუმანიტარული ხასიათისაა და რა თქმა უნდა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია. წელს საქართველოსთან ერთად, მას 44 თანასპონსორი, ფაქტობრივად თანაავტორი, თანაწარმდგენი ჰყავს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს და მეტ დატვირთვას აძლევს იმ საერთაშორისო მყარ მხარდაჭერას, რომელიც ამ საკითხს აქვს.
„ყურადსაღებია, რომ რეზოლუცია თავისთავად მოუწოდებს შესაბამის ფორმატებს და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომ ეს საკითხი არსებითად განიხილოს. ანუ, რეზოლუციით არ ხდება ამ საკითხის იმპლემენტაცია. იგი მხარდამჭერი დოკუმენტია და პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აფიქსირებს, ხოლო პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსურია.
„ქართული მხარე მზადაა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ეს საკითხი ყველა ასპექტით განიხილოს. მთავარი ის გახლავთ, რომ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ვამბობთ - მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, უნდა თუ არა დღეს ამ საკითხზე საუბარი, დევნილთა დაბრუნების უფლება განუყოფელია საერთაშორისო სამართლით და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.