გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის გახსნაზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარსდგა სიტყვით.
ღონისძიებაზე აუდიტორიას აგრეთვე მიესალმნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.
ეთნიკური უმცირესობები გადაწყვეტილების მიღების პროცესში - საკითხის აქტუალობა, არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები, სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები - სწორედ ამ თემების გარშემო წარიმართა საუბარი და დისკუსია მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უწყებათაშორისი კომისია სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე და მას ამ მიმართულებით საინტერესო შედეგები აქვს.
„დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ - როგორ გავაძლიეროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს, პირველ რიგში, თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მათი უნარების გაძლიერებას, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას გულისხმობს.
“რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, მაგრამ ამავდროულად იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგა. მაგალითად ის, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები ამოქმედდა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის დაგეგმვაში, დასვას კითხვები და გამოხატოს მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
„ასევე ,დაახლოებით წელიწადნახევარის წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც „1+4 საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. მათთვის ყველა სახელმწიფო უწყების კარი ღიაა, რათა თავიანთი უნარ-ჩვევები გაიძლიერონ, აიმაღლონ კომპეტენცია, მიიღონ გამოცდილება და პროფესიულ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადადგან”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).