შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაზე იმსჯელეს სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გახსნა.
შეხვედრაზე ექსპერტების, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით განხილულ იქნა გამოწვევები და შესაძლებლობები, მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ზოგადად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.
"მართალია, მრავალრიცხოვანი და კომპაქტურად დასახელებული ეთნიკური ჯგუფებისაგან განსხვავებით, ისინი არ დგანან ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონეა, მაგრამ მათ პრობლემა აქვთ ახალგაზრდებში ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების ცოდნასთან დაკავშირებით. ამიტომ მშობლიური ენების სწავლებას სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელწიფო მხარს უჭერს ამ ენების შენარჩუნებას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
"მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანი სხვადასხვა საკითხზე მათი ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებაა. მათ შორის სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებზე. ასევე, მცირე ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ქალთა სოციალურ-ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და საგანმანათლებლო-კულტურული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა" - განაცხადა ლია გიგაურმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველოში მცხოვრები ბოშების საჭიროებებს მიეძღვნა. საუბარი შეეხო მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას სხვადასხვა ეფექტიანი მექანიზმის ამოქმედების გზით. გაიმართა დისკუსია. სხდომის მონაწილეებს კითხვების დასმისა და მათზე ამომწურავი პასუხების მიღების საშუალება მიეცათ.
სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების მიზნითაა შექმნილი. მხარდამჭერები არიან აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).