შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
„მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათ საქართველოს ღირსება თავგანწირვით, ბრძოლით, სიცოცხლის ფასად დაიცვეს. ისინი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძოდნენ.
„11 წლის შემდეგ ისევ გვიწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც რუსეთის ინტერვენციის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დადგა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კურსი, რომელიც მშვიდობიანია. მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტია, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იმ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მშვიდობიანად მივაღწიოთ. აღარ დავუშვათ ომი, აღარ დავუშვათ დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა და მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, ერთი მხრივ, დეოკუპაციის ხაზით რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის ხაზით ჩვენს საზოგადოებებთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არიან გახლეჩილი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას აუცილებლად მივაღწევთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.