შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 11 წლის წინ სოფელ შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ამ ადგილს ხშირად ვსტუმრობ. ჩემთვს განსაკუთრებული ადგილია, ისევე როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის, რადგან მიმაჩნია, რომ შინდისის გმირებმა გამორჩეული თავგანწირვის, თავდადებს მაგალითი აჩვენეს. ზუსტად ისეთი, როგორსაც ისტორიის სახელმძღვანელოთი ჩვენი თავდადელი გმირების თაობაზე ვსწავლობდით. მგონია, რომ მართლაც უნდა ისწავლებოდეს ის, რაც ამ გმირებმა სამშობლოსათვის, ჩვენი თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის გააკეთეს. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მუდამ გვემახსოვრება, ღმერთა გაანათლოს მათი სულები.
„ჩემთვის ეს ადგილი სიმბოლურია იმითაც, რომ ყოველ ჯერზე, ტკივილთან და ცრემლთან ერთად, რომელიც აქ ყოფნას და ამ ისტორიას ახლავს, სიამაყის განცდა მაქვს. ეს გმირობა გვაძლიერებს და ალბათ გვავალდებულებს ერთ რამეს, რომ მათ მიზნებს აუცილებლად მშიდობიანად მივაღწიოთ. აქვე დგას შერიგების ტაძარი. ეს არის გზავნილი იმის თაობაზე, რომ მშვიდობით აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გაერთიანებას. ეს,რა თქმა უნდა, მოიცავს დეოკუპაციას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენს საზოგადოებებს შორის, რომელიც დღეს მავთულხლართებით გახლეჩილია, აუცილებლად შერიგებასა და ხიდების მშენებლობას. ბევრი ტრაგედია გავიარეთ, იარა არასოდეს მოშუშდება, მაგრამ ეს არის ჩვენი მოტივატორიც, რომ ამ მიზნების მისაღწევად აუცილებლად მშვიდობიანად ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მანამდე მთავრობის მეთაური და სახელმწიფო მინისტრი გორის დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემების, სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისაგან მიიღეს.
დღესვე, პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები, გორის დევნილთა დასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირის - სერგო ქესანაშვილის სახლშიც იმყოფებოდნენ.