„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ სისხლი იღვრებოდეს და ადამიანებს ასე სტკიოდეთ“ - - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა.
„27 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, რამაც უამრავი ჩვენი ახალგაზრდის, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას. აქ არიან შაოსანი დედები, მამები, რომლებიც 27 წელია გაუსაძლის ტკივილს უძლებენ, მაგრამ ნამდვილად აქვთ საამაყო, რადგან მათი შვილები სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ.
“ეს ტკივილი დღეს ათასობით ადამიანს აწუხებს, ვინც ახლობელი დაკარგა, მათ შორის მავთულხლართებს იქითაც, რადგან ტკივილი ყველას ერთნაირად გვტკივა. წლიდან წლამდე კიდევ უფრო აშკარა ხდება ერთი რამ - ვითარება, რომელიც კონფლიქტის შედეგად შეიქმნა, არც ერთ ჩვენგანს არ აწყობს. ამით სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ დიალოგს, კომუნიკაციას, მომავალზე საუბარს არანაირი ალტერნატივა არ აქვს.
“მინდა მჯეროდეს, რომ დღეს აფხაზურ საზოგადოებაშიც მეტ ადამიანს ესმის ამის აუცილებლობა და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა დაფასებული იქნება. ჩვენი მხრიდანაც დიდი ხანია არსებობს მზაობა და სურვილი დიალოგისა. ბუნებრივია, ეს აპოლიტიკურია, ვერ გადაკვეთს წითელ ხაზებს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ სივრცე ასეთი საუბრისა და დიალოგისთვის, ძალიან დიდია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გზები და წინადადებები გაქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი, მოადგილესთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდა, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და სასაფლაოზე მდებარე მუზეუმსაც ესტუმრა, რომელშიც ომის დროინდელი ფოტოები, წერილები და ნივთებია გამოფენილი.