გუგუტიანთკარში არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან გამართა.
მხარეებმა გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას.
„განახლდა ის უკანონო მოქმედებები საოკუპაციო ძალის მხრიდან, რომელიც სწორედ 11 წლის წინ, აგვისტოს თვეში დაიწყო. გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის ეპიზოდებს ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისა და გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებისათვის ძალიან ტრაგიკულ თარიღებზე, რაც ამ კონტექსტს კიდევ უფრო ამძიმებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს ზომა ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული და ადგილზე მაცხოვრებლებს ისედაც მძიმე პირობებს ძალიან ურთულებს.
„სახელმწიფოს თითოეულ შესაბამის სტრუქტურას, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ჩართული აქვს ყველა მექანიზმი, რათა საქართველოს ტერიტორიების ხელოვნური ბარიკადებით დაყოფის მორიგი უკანონო მცდელობა შევაკავოთ. ადგილზე გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატს უკვე არაერთი კომუნიკაცია ჰქონდათ.
„ჩემი შეხვედრაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, რა თქმა უნდა, ამ თემას ეთმობოდა და იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ როგორც დღეს, ისე მომავალში, რათა ამ მოქმედებების შესაჩერებლად ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. ჩვენ მუდმივი რისკების პირობებში ვცხოვრობთ, რადგან ეს განგრძობადი ოკუპაციის საუბედურო თანმხლები პროცესია, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ რისკების ნიველირებისათვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და გამყოფი ხაზების გასწვრივ არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, განსაკუთრებით თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით.