შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადგილზე არსებული სიტუაცია დეტალურად გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთაც საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
„დღეს აქ ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა ხდება ქართულ სოფლებში, რა ზომებს მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი და როგორ არის ეს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს ის დანიშნულება, რომ ჩვენ მეტი ძალისხმევის მობილიზაცია მოვახდინოთ. ეს ერთ-ერთი დიპლომატიური ბერკეტია და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ასევე, მათი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს და ასეთი აბსოლუტურად უკანონო მოქმედებები, რომლებიც ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული, შეკავდეს.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი. ჩვენ ყველა მექანიზმს ვიყენებთ. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსიდან არ გადავუხვიოთ, რადგან ეს მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ. ხუთი წელია სახელმწიფო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას თითოეული სოფლისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. თუმცა, აქ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც შესაძლოა ცალკე განისაზღვროს რა ფორმებით დავეხმაროთ, რათა საკუთარ მიწაზე დავამაგროთ. მოსახლეობასთან სწორედ ამაზე ვისაუბრე.
„ასევე მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებების ურთიერთობის აღდგენისკენაა მიმართული. მე უკვე 7 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და კონტაქტები დღეს უპრეცედენტოდ გახშირებულია. ადამიანებს მავთულხლართებს იქით, ძალიან მძიმე პირობები აქვთ. მოსახლეობისაგან დაცლილი ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად სამხედრო გეტოდ არის ქცეული. რეგიონში იმ მოსახლეობის 20 პროცენტამდეღაა დარჩენილი, რომელიც იქ კონფლიქტამდე ცხოვრობდა. ექვსჯერ მეტ ადამიანს აკავებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც ისინი ცდილობენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ამიტომ, ჩვენი კურსი მომავალშიც ურყევი იქნება - ოკუპაციას მხოლოდ განვითარებით უნდა ვუპასუხოთ. დღეს ყველას ემოციები გავქვს, რა თქმა უნდა, ამის ყურება მძიმეა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა პრინციპული, რაციონალურია და ნებისმიერი მოქმედება გამომდინარეობს იქიდან თუ რას მოუტანს იგი მოსახლეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, ამ ხალხის დახმარება, ჩვენ საზოგადოებებთან ხიდების მშენებლობა. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის ძალიან მტკიცე სტრატეგიასთან ერთად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.