შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.
სახელმწიფო მინისტრის სტუმრობის მიზანი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით მათთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფორმებსა და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გასაუბრება იყო.
ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახემწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიული გადამზადებაც იქნა შეთავაზებული.
სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.
„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, გუგუტიანთკარში მათი სახლები დაიბომბა. დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოცალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
„ჩვენი ამოცანა, ზოგადად, ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი. საქართველოში ასეთი სოფელი ასზე მეტია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ხუთ წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისკენა მიმართული - წყლის სისტეების მოწესრიგებისაკენ, გაზიფიცირებისაკენ, განათლების დაფინანსებსაკენ, ჯანდაცვის გარკვეული ობიექტების მშენებლობისაკენ, ინფრასტრუქტურის შეკეთებისაკენ და ა.შ. რაც მთავარია, თანდათან გადავალთ იმაზე, რომ სოფლებში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა გაჩნდეს, რათა ადამიანები ამ მიწაზე დამაგრდნენ და ამით გავცეთ საქმიანი, ღირსეული და ყველაზე ქმედითი პასუხი ოკუპაციას - განვითარებით, უკეთესი განათლებითა და მეტი შესაძლებლობით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები და ბარიკადები დავამარცხოთ.
„2013 წლიდან ამ სოფლების დახმარება და სტუდენტების დაფინანსება დავიწყეთ და მათი რიცხვი 2018-2019 სასწავლო წელს ფაქტობრივად სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. თავის მხრივ, ეს არის ძალიან სარწმუნო ინდიკატორი, რომ ოჯახები საკუთარ მიწაზე მაგრდებიან და ცხოვრებას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მავთულხლართების პირისპირ უწევთ ყოფნა, რაც ადვილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მართლაც აქ გადის ჩვენი ანტისაოკუპაციო, სამშვიდობო ფრონტის ხაზი. ჩვენი ვალია, მათ გვერდში დავუდგეთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.