შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე კომენტარს აკეთებს.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
„ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია ჩანიშნული, პროცესები მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე წარიმართოს, რადგან აფხაზური საზოგადოების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის.
„არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები - უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული.
„ამიტომ, დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილი გახლავთ და კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი, ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობს, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.