შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.
აღნიშნული ღონისძიება წელს მეცხრედ იმართება. მასში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები არაერთი ქვეყნიდან ეწვივნენ. ერთკვირიანი ფესტივალი მოიცავს ფილმების ჩვენებას, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორულ კონცერტებს, გამოფენებს და ა.შ.
სახლმწიფო მინისტრმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი უნიკალური მოვლენაა, რადგან ტარდება სოფელში, რომელიც მავთულხლართებით გაყოფილია და სადაც 11 წლის წინ ჭურვები ცვიოდა.
„ეს ადგილი მეუფე ისაიამ და მისმა თანასოფლელებმა საკუთარი ხელებით აღადგინეს. ეს არის სიმბოლო ჩვენი გაუტეხლობის, რწმენის - რომ აუცილებლად შევძლებთ დავამარცხოთ ოკუპაცია და მისი მახინჯი გამოვლინება-მავთულხლართები. ეს საუკეთესი პასუხია, რადგან ესაა ხელოვნების, სიყვარულის ენა, უნივერსალური ენა, რომელიც აუცილებლად შეძლებს ხელი შეუწყოს ნდობის ხიდების მშენებლობას გამყოფი ხაზების იქით მხარეს, სადაც ადამიანები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, იქაურ პატარებს არანაკლებ აინტერესებთ და უნდათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თუნდაც ანიმაციური ფილმების ფესტივალში მიიღონ მონაწილელობა, იარონ ხელოვნების სკოლაში, რომელიც აქ მეუფემ გააკეთა და არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომელსაც ოკუპაცია ქმნის - მათ მომავლის პერსპექტივას ართმევს.
„მთელი ჩვენი პოლიტიკა გათვლილია იმაზე, რომ ჩართულობის, შერიგების გზით და ძალიან პრაგმატული მექანიზმებით ხელი შევუწყოთ ჩვენ თანამოქალაქეებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, გავუზიაროთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ერთად შევქმნათ ის მომავალი, რომლისკენაც, დარწმუნებული ვარ, სწრაფვა გვაერთიანებს - უკეთესი მომავალი და არა ხელოვნური მავთულხლართებით დაჩეხილი, რომელსაც, საუბედუროდ, დღეს რუსული ოკუპაცია ქმნის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პასუხით, ასეთი თავდადებითა და სიყვარულით ჩვენს მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ა.შ. ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.