შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თავლსაზრისით რეგიონებში მძიმე მდგომარეობაა.
მისი თქმით, ძალიან თვალსაჩინოა და წლიდან წელამდე იზრდება წნეხი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებზე და შესაბამისად იზრდება შიგნით უკმაყოფილება და იმედგაცრუებაც.
„ახლა, 11 წლისთავზე, ალბათ სრულიად აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება იქცა ერთგვარ ათვლის წერტილად ამ რეგიონების სრული დამოკიდებულებისა და იზოლაციისა. არსებული სიტუაცია არც ქართველების ინტერესში შედის, არც აფხაზებისა და არც ოსების. ეს ცალსახად თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ მუშაობს და ესეც ალბათ უნდა გახდეს იმის მოტივი, რომ მეტი შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ დიალოგისკენ, საერთო ინტერესებისკენ, თანამშრომლობისკენ, რადგან ესაა ერთადერთი სწორი სვლა მომავალში.
მეტსაც გეტყვით - სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება არ და ვერ მოემსახურება იგივე რუსეთის ინტერესებს გრძელვადიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკა მხოლოდ მის სამხედრო და პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში და გამყარებულია სამხედრო ბაზებით, 10 ათასი სამხედრო მოსამსახურით, მუდმივი სამხედრო წვრთნებითა და 100 კილომეტრამდე მავთულხლართით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს. ეს არსენალი, რომელიც, სხვათაშორის, საქართველოს გარდა ჩვენს ფართო სამეზობლოშიც გამოიყენება გადაუჭრელი კონფლიქტების შენარჩუნებისა და ამ გზით გავლენის მოპოვებისათვის, ვერ იქნება წარმატებული თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს მავთულხლართებით სამუდამოდ ვერ დააკავებ პროგრესისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის გარეშე, რომელსაც დღეს ჩვენ ვქმნით სწორედ მოსახლეობისათვის, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამის მაჩვენებელია ის, რომ წლიდან წლამდე იზრდება რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში ახერხებენ წვდომას, ან აქვთ ასეთი სურვილი.
„იგივე რუსული სტატისტიკით, თუ მაგალითად 2017 წელს მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებადზე წვდომის მცდელობისას დააკავეს სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე პირიქით, 2018 წელს უკვე ხუთჯერ მეტი დააკავეს. წელს, დღეის მდგომარეობით, უკვე ექვსჯერ მეტი დააკავეს. ეს ძალიან მძიმე სტატისტიკაა, ტრაგიკულიც, მაგრამ კარგად აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, სურვილებსა და საჭიროებებს, რაც ჩვენს პოლიტიკაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით -დღეს, სხვადასხვა დონეზე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტები, დიალოგის არხები და საერთო პროექტები, მათი რიცხვი და სპექტრი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე წინა წლებში ერთად ყოფილა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, ბევრი ფაქტორია, მაგრამ დიახ, ეს არის შედეგი ჩვენი თანმიმდევრული, ძალიან მწყობრი სამშვიდობო პოლიტიკის, ჩართულობისა და შერიგების ნაწილში. მითუმეტეს, არ დაგვავიწყდეს, რომ 2012 წელს ჩვენ ეს ყველაფერი ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზე გადმოვიბარეთ და აქედან ვიწყებდით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.