„არსებულ გამოწვევებზე ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პასუხები - პირველი მშვიდობის დაცვაა, მეორე - მდგრადი და სტაბილური განვითარება, მესამე- ადამიანების დახმარება, მეოთხე - სამშვიდობო პოლიტიკაში პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა” , -ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით: „ოკუპაციის პირობებში მშვიდობის დაცვა, რაოდენ პირობითიც არ უნდა იყოს ეს ცნება, ჩვენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისათვის, განვითარებისათვის და იგივე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროვოკაციების ნეიტრალიზებას, ხშირად ინციდენტებზე რეაგირებას, მაგრამ აუცილებლად, ესკალაციის თავიდან არიდებას.
ჩვენი პოლიტიკის ცენტრი ადამიანია და არც სამშვიდობო პოლიტიკაა ამ მხრივ გამონაკლისი. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება გრძელვადიანი და კომპლექსური პროცესია. ეს მოიცავს, ერთის მხრივ, დეოკუპაციას და მეორეს მხრივ, ჩვენი საზოგადოებების შერიგებას. თუმცა, ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებზეც ყოველდღიურად გადადის ჰუმანიტარული წნეხი, ვერ გახდებიან ამ გრძელვადიანი პროცესის მძევლები. ამიტომ, მათ დახმარება რეალურ დროსა და რეალურ სივრცეში სჭირდებათ.
ჩვენთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მომავალშიც ძალიან მაღალი პრიორიტეტი იქნება. აქ იგულისხმებიან დევნილები და მათი დაბრუნების განუყოფელი უფლებისათვის ბრძოლა. მათი უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში. აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მათ ხშირად ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებ და აქედან კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩვენი მშვიდობიანი ფრონტის ხაზი დღეს სწორედ იქ გადის. სწორედ ეს ადამიანები ეუბნებიან ოკუპაციას ყველაზე ქმედით არას და პასუხს თავიანთი შრომითა და გაუტეხლობით. მათ მიმართ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მათ დახმარებასა და გვერდში დგომას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
მან სპეციალურ კომისიაზეც ისაუბრა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ბევრი ნაბიჯი გადაიდგა.
„ამაში იგულისხმება ყველა სოფლის გაზიფიკაცია, წყლით მომარაგება, რომელიც 2/3-ით დასრულებულია, აბსოლუტურად ყველა სტუდენტის დაფინანსება, რაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, სკოლების, ბაღების, გზების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობისა თუ ჯანდაცვის პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი ვერ იქნება. საჭიროება ძალიან ბევრია. მითუფრო, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანები, მანამდე, ფაქტობრივად სრულიად უყურადღებოდ იყვნენ დატოვებულები. მომავალში ჩვენი პრიორიტეტი იქნება არა მხოლოდ საჭიროებები, არამედ მათი განვითარება. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის გზით. უახლოეს მომავალში, ამ ამოცანის ირგვლივ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებისა და რესურსების მეტად მობილიზებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.