შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა და აფხაზური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, აგრეთვე ლექსები აფხაზურ ენაზე. სახელმწიფო მინისტრმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ძალიან გამორჩეული სკოლაა, პატარებს ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ისინი დევნილთა ოჯახებიდან არიან. იმ ადამიანების ჯახებიდან, რომლებიც უკვე 25 წელზე მეტია გადაუჭრელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველ დღე განიცდიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვილებს ძალიან კარგ განათლებას აძლევენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავძლიოთ ბარიკადები, რომლებიც დღეს ამ ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში ხელს უშლის და ძალიან ბევრ ოჯახს ყოფს.
„ამ სკოლაში ასწავლიან აფხაზურ ენას და მოსწავლეები მას ძალიან კარგად ფლობენ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზური კონსტიტუციით დაცული ენა გახლავთ. იგი არის ძალიან სერიოზული შემადგენელი ნაწილი აფხაზური იდენტობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ მას დღეს საფრთხე ემუქრება. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მის დასაცავად, გადასარჩენად და განსავითარებლად განსაკუთრებული ზომებია საჭირო“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებსაც, რომელთაც, სასწავლო პროცესში მონაწილეობა ძალიან მძიმე პირობებში უწევთ. განსაკუთრებით გალსა და ახალგორში, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლა, ფაქტობრივად, სრულად იკრძალება.
„ასევე, ვულოცავ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც მავთულხლართებს ყოველ დღე უპირისპირდებიან და მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებულები არიან. მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა - დღეს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მომავალში საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების შესაძლებლობას მოგვცემს და იმგვარ საფრთხეებს აგვაცილებს, რასაც დღეს ვუპირისპირდებით. ეს არის კარგი განათლება და ამ განათლებით თითოეული მათგანის წარმატება და ამ ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე.