სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე სოფელ რუხში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზეა ორიენტირებული.
პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კი, პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ფარგლებში გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ.
პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.