სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოვიდა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, წარმოდგენილი ფოტოგამოფენა იმ უმძიმეს ეპიზოდებს ასახავს, რომლებიც ქვეყანამ 90-იან წლებში გაიარა.
„ეს გაუნელებელი ტკივილია იმ ადამიანების, რომლებმაც ეს პირადად გამოსცადეს, დაკარგეს ახლობლები. ასიათასობით ადამიანია ისეთი, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოდევნილია. ისინი დღესაც ოკუპაციისა და მოუგვარებელი კონფლიქტის წნეხს განიცდიან. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან დიდი რიცხვია, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კონფლიქტის პირდაპირი მსხვერპლია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ტკივილია და იქნება ვიდრე მშვიდობიან და უზენაეს ამოცანას, ქვეყნის გაერთიანებას ჩვენი ხალხის გაერთიანებისა და შერიგების გზით არ მივაღწევთ.
„დღეს ალბათ ნათელია ერთი რამ - ის, რაც მოხდა, ქართველებისა და აფხაზების უდიდესი საერთო ტრაგედიაა. კონფლიქტი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. 26 მძიმე წელი გავიდა და უშუალოდ აფხაზეთის რეგიონში არ მომხდარა პოზიტიური განვითარება. იგი უფრო იზოლირებული, უფრო დაცარიელებულია და განვითარების პერსპექტივა უფრო მეტად აქვს წართმეული. სოხუმის დაცემის დღიდან ამდენი წლის თავზე ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ - აუცილებელია დაუყოვნებლივ გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები დიალოგისკენ, ნდობის აღდგენისკენ, მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის მაინც მივაღწიოთ იმ შედეგებს, როგორიც, დარწმუნებული ვარ, ერთნაირად უნდა როგორც ქართველ, ისე აფხაზ დედებს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.