“მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოახდინოს ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია. ასევე მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე,” - ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე, ბათუმში, დღეს გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიმ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა გახსნეს.
მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალური მასშტაბი და სიღრმისეულობა.
მოკავშირეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოუწოდებენ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე.
„ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომელებსაც ადგილი აქვთ აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები”, - ნათქვამია განცხადებაში.
მოკავშირეები არ აღიარებენ ე. წ. არჩევნებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ივნისსა და აგვისტოში ჩატარდა. ასევე, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო თანათავმჯდომარეობენ. ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.