შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრენერთა ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ დაიწყო.
პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციისა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მხარდაჭერით უკვე მეორე წელია იმართება. ორი დღის განმავლობაში ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდებისაგან შემდგარი ჯგუფი „1+4 სტაჟირების“ პროგრამების, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ ტრენინგს გაივლის.
ტრენერთა ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორმა ლაშა ჯუღელმა გახსნა.
ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პროექტი რომელიც დღეს დაიწყო და რომელიც ემსახურება პროფესიულ და უმაღლესი განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას, უაღრესად მნიშვნელოვანია. გასული წლების გამოცდილებიდან კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც ახალგაზრდები თავის თანატოლებს თავად აწვდიან ინფორმაციას განათლების შესაძლებლობების შესახებ, არის ძალიან ეფექტური და შედეგებიც სახეზეა“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.
კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს 1+4 პროგრამებისა და პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მიაწვდიან.