თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მოსარგებლე პირთათვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა.
სტაჟირების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე smr.gov.ge და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე HR.GOV.GE შეუძლიათ. სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. რეგისტრაცია 8 ოქტომბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ეს სპეციალური პროგრამაა, რომელიც ჩვენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის 2018 წლის დასაწყისში დავამტკიცეთ. აღსანიშნავია, რომ უკვე 300-მდე ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა სტაჟირება საქართველოს ცენტრალურ თუ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურულ დანაყოფებში. ეს ახალგაზრდები სრულიად ახალი თაობაა და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან, მიუხედავად მათი სხვდასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა. მათ აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, სახელმწიფო ენის ცოდნის მაღალი დონე, ასევე, სტაჟირების პროგრამის წყალობით საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც მათ გზას უკვალავს პროფესიული წარმატებისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის, ჰქონდეს თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობები. ძლიერი ქვეყანა არის ძლიერი საზოგადოება. ხოლო ძლიერ საზოგადოებას ქმნიან ძლიერი მოქალაქეები. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, მთავარი სიმდიდრე არის ადამიანური კაპიტალი და რა თქმა უნდა არც ერთი ადამიანის უნარი და შესაძლებლობა არ გვაქვს დასაკარგი და ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მათი ჩართულობა, მათი გააქტიურება, წახალისება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც აირჩევენ უაღრესად მნიშვნელოვანია. 500-მდე ადგილზე ვსაუბრობთ 20-ზე მეტ საჯარო სამსახურსა თუ დაქვემდებარებულ უწყებებში - ძალიან დიდი შესაძლებლობაა. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს და გარწმუნებთ, რომ ახლა საქართველოში გვყავს ახალგაზრდობა ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, რომლებიც არიან სრულიად მზად იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა დონეზე ჩაერთვნენ. ესაა ახალი რეალობა რაც შედეგია ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და იგი უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება. სტაჟირება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე ცხადდება.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
დღესვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა.