ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა
10 ოქტომბერი 2019
2019 წლის 8-9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდიგაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.
მოლაპარაკებების დროს დაისვა საკითხი საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში განვითრებულ მოვლენებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა დაკარგა.
განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი. საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში.
განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის გადაწყვეტილება.
საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი.
მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.