შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებს შეხვდა. ლია გიგაურმა ახალგაზრდებს სასწავლებელში ჩარიცხვა პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
„განსაკუთრებულად ამაღელვებელია და ჩემთვის დიდი პატივს წარმოადგენს სტუდენტობა მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლება ენგურს გაღმა, მავთულხლართებით შემოსაზღვრული ოკუპაციის პირობებში მიიღეს. არ შეუშინდნენ ზეწოლას, დაშინებას, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვას. საკუთარი მონდომებით, მოტივაციით, განათლებით, თავისუფლებისკენ სწრაფვით, აზროვნებით, გაბედულებით, წარმატების რწმენით და თვითრეალიზების მაღალი მზაობით გაგვაოცეს. უკეთესი მომავლის შესაქმნელად არ შეუშინდნენ ბარიერებს, ზეწოლას, მავთულხლართებს, აკრძალვებს, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვას და მიზანს მიაღწიეს. გაგვიძლიერეს რწმენა, რომ სწორედ ისინი იქნებიან ერთიანი საქართველოს მშენებლობის წამყვანი ძალა. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლო თქვენგან ასეთი მიზანმიმართული ბრძოლა, შევიძინოთ ასეთი შინაგანი სიძლიერე და განათლების რწმენა“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
საზეიმო მიღებაზე ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პირველკურსელთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შედეგია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი რონალდ ნიჟარაძე.