სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ, დახურულ სხდომაზე წარსდგა.
სახელმწიფო მინისტრმა იმ ინტერესზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ და ინიციატივით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე არსებობს - ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა და სხვადასხვა სერვისზე წვდომის მიმართულებებით.
„ამ ინტერესს კონკრეტული გამოხატულება აქვს და ამაზე სტატისტიკაც გვაქვს. გახშირებული კონტაქტები, მიუხედავად გაზრდილი ბარიკადებისა, აგრეთვე იმის მიმანიშნებელია, რომ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისათვის სივრცე, წინაპირობები არსებობს. იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც დღეს ბარიკადებს მიღმაა, დაინტერესება მაღალია. ჩვენი მხრიდან მექანიზმები შექმნილია. კონკრეტული წინადადებები და შესაძლებლობებია, რომლით სარგებლობის სურვილიც აქვთ. ახლა, ამოცანა, რა თქმა უნდა ისაა, რომ ჩვენ, ამ ძალიან რთულ ვითარებაში, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იმპლემენტაცია მოვახერხოთ.
„რა თქმა უნდა, არავის აქვს და ვერც ექნებოდა მოლოდინი, რომ ამ კომპლექსურ პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოვაგვარებდით. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრე - კონკრეტულ მონაცემებზე, პროექტებზე, იმაზე თუ რა წინაპირობები არსებობს. ეს მაძლევს იმედს, რომ მომავალში ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელებას შევძლებთ. იმ პირობებში, თუ რუსეთის მხრიდან მომავალი რისკებისა და საფრთხეების ნიველირება მოხერხდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მოხსენებით, საქართველოს პარლამენტში, სულ ცოტა ხნის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატშიც წარსდგა.