საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული უწყებათშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამის ეფექტურობის გაზრდას, პროცესში ჩართულ უწყებებს შორის მეტ კოორდინაციასა და არსებული მონაცემების ცენტრალიზებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მინისტრი იქნება, შედის ყველა ის უწყება, რომელიც ამ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროცესშია ჩართული.
„1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგულად 2500-მდე ადამიანი ითვლება. 2010 წლიდან „წითელი ჯვრის“ ეგიდით ორი ჰუმანიტარული პლატფორმა ფუნქციონირებს: ორმხრივი - ქართულ-აფხაზური და სამმხრივი - ქართულ-რუსულ-ოსური მექანიზმები. მათ ფარგლებში მოხერხდა 187 სამარხის გახსნა. ეგზჰუმირებული და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი იქნა. მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა.
„თუმცა, საერთო რიცხვს თუ შევადარებთ, აშკარა ხდება, რომ 2300-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში რჩება, რაც ძალიან დიდი რიცხვია. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. რა თქმა უნდა, „წითელ ჯვართან“ ერთად, რომელიც ამ პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მინდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციას დიდი მადლობა გადავუხადო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის. ასევე, მინდა მექანიზმების ყველა მონაწილეს გადავუხადო მადლობა, რადგან თანამშრომლობის გარეშე, ცხადია, არაფერი გამოვა.
„კომისიის ამოცანა ისაა, რომ პროცესის წარმართვა ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად შევძლოთ. მითუფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან აქვე ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ, ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მოუწოდა კომისიას მიმართოს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის ცალსახად მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც დაკარგული პირების ბედის დადგენას ემსახურება. ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდეგ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე მათი გარდაცვალების ფაქტის დადგენას და ნეშტების გადაცემას უკავშირდება “, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.