შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონფერენციაზე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც რელიგიის საკითხთა სააგენტოა, მეოთხედ გაიმართა. თავის გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
„ჩვენი მოსახლეობის 16 % სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელია, უმრავლესობასთან ერთად, რომელიც თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად განსაზღვრავს. ეს ქმნის მრავალფეროვან მოზაიკას, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. სულ ვამბობ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა, უნიკალურობა და ქმნის იმ ძალიან მყარ საფუძველს, რასაც სამოქალაქო ინტეგრაცია ეფუძნება. ზუსტად ამ საფუძველზე ვაშენებთ მერე ახალ სტანდარტებს, გამყარებულს კანონით, კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა სტრატეგიით, რომელიც ყველა ადამიანს, განურჩევლად კონფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თანასწორად განიხილავს. ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის მთავარი პრინციპი ეს არის.
„ილუსტრაციად მომყავს ხოლმე ძველი თბილისი, რომელიც აუდიტორიაში მყოფი ადამიანების, მათ შორის, სასულიერო პირების სიამაყის წყაროა, რადგან იქ ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა კონფესიის სიმბოლოები. მსოფლიოში ამას ბევრგან ვერ ნახავთ. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორი ქვეყანა ვიყავით წარსულში, როგორი ვართ დღეს და როგორი უნდა ვიყოთ მომავალში. ზუსტად ამ სიმდიდრითა და უნიკალურობით ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს.
„კონფერენცია მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ხაზი გაესვას იმას, თუ რას ნიშნავს ეს პროცესი. დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში არაერთი მითი ვრცელდება ხოლმე - თითქოს ევროინტეგრაცია ჩვენი უნიკალურობისა და ტრადიციების შეცვლასა და ასიმილირებას უკავშირდება, რაც სიცრუეა. პირიქით, ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპის დევიზია - გაერთიანებული მრავალფეროვნებით. თუ რამე „გვემუქრება“, ეს მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი იდენტობა კიდევ უფრო წარმოჩინდეს, გაძლიერდეს და თითოეული ადამიანი კიდევ უფრო მეტად დაცული იყოს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
კონფერენციაში მონაწილე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.