შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანავმჯდომარეობით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
რიგით მეოცე სხდომაზე კომისიამ გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა და მომავალი ღონისძიებები დაგეგმა. მიმოიხილეს გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
„ამ კომისიამ, 2013 წლიდან, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი მოცულობის საქმე გააკეთა. რაც მთავარია, ეს პირდაპირ აისახა მოსახლეობის ყოფაზე, რომლებიც მავთულხლართებით დაყოფილ 116 სოფელში ცხოვრობენ. საუბარი 50 ათასამდე ადამიანზეა. დღეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი უკავშირდებოდა გამოზამთრების ღონისძიებებს და კერძოდ, 200 ლარიანი ვაუჩერით კვლავ დახმარებას. მოსახლეობის ნაწილი ამას გაზის საფასურის დაფარვისათვის იყენებს, მას შემდეგ, რაც 19 მილიონიანი პროექტით ჩვენ ყველა სოფლის გაზიფიკაცია დავასრულეთ. ნაწილი კი - საშეშე მასალისთვის.
„ასევე, დღეს კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა სოფლიდან, რომელიც გამყოფი ხაზების პირას მდებარეობს, სტუდენტები კვლავ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას 2019-2020 აკადემიური წლისთვის, რაც მათი ოჯახებისათვის ძალიან დიდი შეღავათია. დღემდე, ამ სოფლებში, მოსწავლეებისა და სტუდენტების დინამიკა გვაჩვენებს, რომ მოსახლეობა არათუ იცლება, არამედ თავის მშობლიურ ადგილებში ბრუნდება კიდეც. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ არა მხოლოდ ასეთ საჭიროებებზე რეაგირებას, არამედ განვითარების თვალსაზრისით მეტ მხარდაჭერას.
„დღეს განვიხილეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ სახლებს უკავშირდება. ეს ძალიან პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხია პირველ რიგში მოსახლეობითვის და ასევე ჩვენთვის. კომისიის გადაწყვეტილებით დავგეგმეთ როგორ მოვძებნოთ გზები იმისათვის, რომ ეს საკითხი უფრო ეფექტურად წავწიოთ წინ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ კომისიის წევრები და გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტების წარმომდგენლები.