შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საინფორმაციო კამპანია გახსნა. შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა, მან კამპანიის დეტალებზე ისაუბრა.
საინფორმაციო კამპანია, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, რეგიონში 6 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გასტანს.
მის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები და სარგებელი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები; პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტითა და აგროდაზღვევით სარგებლობის წესები და შესაძლებლობები და სხვ. თემატური შეხვედრები, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩატარდება ქართულ-სომხურ ენებზე.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობა, სხვადასხვა სოფელში, ინფორმაციას მიიღებს ყველა იმ სერვისზე, სარგებელზე, პროგრამაზე, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის მიმართულებით სთავაზობს.
„ ჩვენი ამოცანა ის გახლავთ, რომ ხალხმა საჭირო ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის მშობლიურ ენაზე, ჩაერთოს და ისაგრებლოს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მოქალაქეების თანასწორობასა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მაქსიმალურ ჩართულობას ეფუძნება. ჩართულობა კი ინფორმირებით იწყება. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. მე მაქვს სურვილი და იმედი, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევითა და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მონდომებით, მივაღწევთ იმას, რომ ეს რეგიონი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, მაქსიმალურად იქნება ჩართული და ისარგებლებს ყველა პროგრამით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება. ენა ბარიერი არ უნდა იყოს. სწორედ ამას ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მივცეთ და ამ ძალისხმევას მუდმვად გავაგრძელებთ.
„დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ინფორმაცია საკუთარ სოფლებსა და თემში მოსახლეობას უნდა მიაწოდონ. მგონია, რომ მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მერების წარმომადგენლები სოფლებში, დეპუტატები, სახალხო დამცველისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.