შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელს ქემლინ ფერლის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხზე. ქეთევან ციხელაშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა ის სირთულეები, რომლებიც ახალგორისა და ზოგადად, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მიმოსვლის შეზღუდვის შედეგად შეექმნა.
„ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მთავარი საკითხი, რაზეც ეს ორგანიზაცია მუშაობს გახლავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზაცია. ეს ორგანიზაცია ასევე წარმოდგენილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფორმატში დევნილთა დაბრუნების საკითხი. ესაა ფუნდამენტური თემა და უკავშირდება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას. ასევე განვიხილეთ ძალიან ფართო ჰუმანიტარული დღის წესრიგი, რომელიც დღეს გვაქვს იმ გამოწვევების ფონზე, რაც ძირითადად იქმნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, მათ შორის გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული პოლიტიკის ფონზე. ასევე ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, პირველ რიგში სწორედ კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანებისთვის“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრის ბოლოს ხაზი გაესვა UNHCR-ს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საქმეში.