შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან მოსახლეობის გადასახლების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები გადასახლებული პირების შთამომავლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ექსპონატები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული გადასახლებასთან დაკავშირებული საარქივო მასალა, ასევე გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლებში მოძიებული ფოტოები.
„ოკუპაციის მუზეუმში ჩვენთან სტუმრად არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ის ადამიანები, რომელთა წინაპრებიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულნი და მესხეთიდან გადასახლებულნი იყვნენ. ესენი არიან მუსლიმი ქართველების, მუსლიმი თურქების, აზერბაიჯანელების, ქურთების და სხვა იმ ოჯახების შთამომავლები, რომელთაც საკუთარი მიწა-წყალი სამი ღამის განმავლობაში დაატოვებინეს.
„ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ ისინი არასოდეს დაკარგავენ ფესვებს, რომლებიც საქართველოსთან აკავშირებთ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ წარმოვადგინეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონმდებლობის ფარგლებში, ჩამოსახლების მსურველთათვის, ყველა კარი ღიაა.
„1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა უფლების შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენმა სახელმწიფომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სრულად შეასრულა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი, რაც ასახულია მათი მონიტორინგის ანგარიშებიც“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მოგეხსენებათ, 1944 წლის 15-17 ნოემბრის ღამეს, სსრკ-ის ხელისუფლების მიერ, სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ, მესხეთის რეგიონიდან, შუა აზიის რესპუბლიკებში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში 19 818 ოჯახი გადაასახლეს. სულ 100 000-მდე ადამიანი, რომელთაგან 10 000 პირი გზაში დაიღუპა. რეგიონის მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, გადასახლებულთა შორის იყვნენ ეთნიკურად ქართველი მუსულმანები, იეზიდები, თურქები, აზერბაიჯანებელი, ხემშილები, ყარაფაფახები, თარაქანები და ბოშები.
გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ, თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით.