ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შეხვდა

20 ნოემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების  წარმომადგენელს ენდრიუ შოფერს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდიც ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნა და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობა იყო.

დიდი დრო დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ახალგორსა და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდსაც შეეხნენ, რომელიც  10-11 დეკემბერს გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეორე სამუშაო ჯგუფში განსახილველ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თემების გამიჯვნის აუცილებლობა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა განიხილეს.  სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს განხორციელებული სამუშაო და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.