''არსებულ გამოწვევებს განათლებითა და მშვიდობით ვპასუხობთ''

26 ნოემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, გამყოფი ხაზისპირა სოფელ მეჯვრისხევში, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მესამე ეტაპი გახსნა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 13 საზოგადოებრივ ცენტრში, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მესამე ეტაპი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით დაიწყო. ახალგაზრდები, სოფლიდან გაუსვლელად, ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.

პროექტი კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების გაძლიერებასა და სოფლებში ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად ჩაერთვება 25 სკოლა და  ინგლისურის 35 პედაგოგი.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, არამედ იმ მხრივაც, რომ აღნიშნული წამოწყებით ის ოჯახები და ის ბავშვები ისარგებლებენ, რომლებიც ოკუპაციას საკუთარ სოფლებში ცხოვრებითა და განვითარებით  პასუხობენ.

„მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეიქმნას თანასწორი პირობები განვითარებისათვის და მომავალი პერსპექტივები, შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც ყოველწლიურად, ამ პროექტის ინიცირებისას გვეხმარება. წელს უკვე სამწლიანი პროექტი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მოზარდებს ექნებათ არა მხოლოდ ენის სწავლის შესაძლებლობა, არამედ იმ რესურსებთან წვდომის საშუალება, რომლებიც თანამედროვე განათლებისთვის აუცილებელია. რაც მთავარია, ეს იქნება მესიჯი მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომ ჩვენ არსებულ გამოწვევებს განათლებითა და მშვიდობით ვპასუხობთ“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პროექტის პრეზენტაციას აგრეთვე ესწრებოდნენ  საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ალექსანდრა ქოლი, ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე,  გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ა.შ.

ბრიტანეთის საბჭოს პროექტი „ინგლისური ენის კლუბები,“ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ხორციელდება. ერთი წლის განმავლობაში, ამ ფაზის ფარგლებში, ინგლისური ენის კურსი 2 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.

მესამე ფაზის დაწყების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაფორმდა.