შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა.
„ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის იმყოფება ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში და ეს თავისთავად არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. ოჯახთან არის მუდმივი კომუნიკაცია, მისი მდგომარეობისა და ასევე ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სტრუქტურები, ჩვენ ვდგამთ იმისათვის, რომ მიზანი იქნეს მიღწეული, ეს არის ოჯახის და ჩვენი მთავარი მიზანი - ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.
ეს არის მათ შორის ჩემი აპარატისა და ასევე ჩვენი კოლეგების მუშაობის მიმდინარე დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი. თქვენ იცით, რომ ამუშავებულია ფაქტობრივად ყველა ხელთ არსებული არხი და ამაში ვგულისხმობ გარე თუ შიდა, ე.წ. ფორმალურს თუ არაფორმალურ არხებს. აბსოლუტურად ყველა დონეზე, კიდევ ერთხელ, საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ მისი გათავისუფლება იქნას მიღწეული. ოჯახთან კომუნიკაციისას ვცდილობთ, რომ აი ეს დეტალები მათთვის იყოს ცნობილი. საჯაროდ ამ დეტალებზე საუბარი რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არარელევანტურია.
უპირატესი ინტერესი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა და აქედან გამომდინარე იდგმება ყველა ნაბიჯი. კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრს ოსს ეს უქმნის დისკომფორტს და მეტიც, მე ადრე ვთქვი და გავიმეორებ, რომ მათთვისაც არის ეს ერთგვარად ღირსების შემლახავი. იმიტომ, რომ საუბარია ექიმზე, რომელსაც არაერთი მადლიერი პაციენტი ყავს მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა. კიდევ ერთი, რაც მინდა ასევე ხაზგასმით ვთქვა, მათ შორის ამ დღეებისა და მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენ იცით, წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალის რეგიონიდან თუ აფხაზეთის რეგიონიდან, არავინ არ აპირებს ამის გადახედვას, არც სახელმწიფოს დონეზე, არც ექიმების დონეზე. ექიმებს აქვთ დადებული ჰიპოკრატეს ფიცი და ისინი მოქმედებენ მათი ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ამიტომ თუ ვინმეს ჰქონდა ამის მოლოდინი, ბუნებრივია, ეს მოლოდინი ვერ გამართლდება“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.