შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პროექტის „საგანმანათლებლო ჰაბები: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები ძლიერი საზოგადოებისთვის“ მესამე ეტაპი, ამჯერად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგინა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 13 საზოგადოებრივ ცენტრში, ბრიტანეთის საბჭოს პროექტი ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით დაიწყო. მისი პრეზენტაცია, ორი დღით ადრე, გამყოფი ხაზისპირა სოფელ მეჯვრისხევში გაიმართა.
პროქეტის ფარგლებში, ახალგაზრდები, სოფლიდან გაუსვლელად, ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან. აგრეთვე, საგანმანათლებლო ჰაბები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თემის სხვა წარმომადგენლების მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებში უფრო მასშტაბურ ჩართულობას უზრუნველყოფენ.
პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე ითვალისწინებს შემწყნარებლობის, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დიალოგის გზით სადავო საკითხების მოგვარებისა და 21-ე საუკუნისთვის საჭირო სხვა ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებას. მასში აქტიურად ჩაერთვება 25 სკოლა და ინგლისურის 35 პედაგოგი.
„პროექტი ემსახურება ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს უკეთესი მომავლის გარანტიას შეუქმნის. მის ფარგლებში ახალგაზრდები შეისწავლიან არა მხოლოდ ინგლისურ ენას, არამედ შეიძენენ ცოდნას, რომელიც 21-ე საუკუნეშია საჭირო. ეს გახლავთ - საკომუნიკაციო უნარების განვითარება, დებატების ხელოვნება, არგუმენტირებული მსჯელობა და ა.შ. იგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებას, სადაც თითოეული მოქალაქე თანასწორია და თითოეულს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება აქვს.
„აქ იმყოფებიან ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებმაც ერთად უნდა ააშენონ დემოკრატიული საზოგადოება. ინგლისური ენის ცოდნა კი ერთ-ერთი ბერკეტი გახლავთ, რათა ურთიერთობა ჰქონდეთ საერთაშორისო საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე მიესალმნენ ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უილ ჯორჯი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და ა.შ.