„რაც უფრო მეტი ქალია ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტად იქნება შესაძლებელი მშვიდობის უზრუნველყოფა მსოფლიოში”

4 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება" მოხსენებით წარსდგა.

მაღალი დონის სემინარი წარმოადგენს პლატფორმას მონაწილეთათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ  გამოცდილება სამშვიდობი პროცესებში ქალთა ჩართულობის შესახებ.  იგი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე - “13 25” მიეძღვნა, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალების ჩართულობის როლს უკავშირდება.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ხშირად, ქალები, კონფლიქტის პირველი მსხვერპლნი არიან, თუმცა ამავდროულად, სამშვიდობო პროცესის ძალიან აქტიურ მონაწილეებად გვევლინებიან. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ქალია ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტად იქნება შესაძლებელი მშვიდობის უზრუნველყოფა მსოფლიოში.

„დღეს, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, დანარჩენი აუდიტორიისთვის აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი უფლებათა დარღვევის იმ ფაქტების შესახებ, რომელთაც, საუბედუროდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქვს ადგილი. ამ მაღალი ტრიბუნიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მოსახლეობისთვის, მათ შორის, ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებსა და მათ ფუნდამენტურ უფლებებზე ვისაუბრე. იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის ჩაკეტვას უკავშირდება, რაც ათასობით ადამიანს პრობლემას უქმნის.

„ვისაუბრე უკანონო დაკავებებზე. რა თქმა უნდა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდის ძალიან მძიმე თემაა. აგრეთვე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება დღეს, ევროპაში, ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, აუცილებელია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანება, რათა  ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფატქები აღმოიფხვრას.

„მე დღეს ვისაუბრე იმაზეც, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების ბედისა და ადგილსამყოფელის მოძიების საკითხზეც მუშაობს და აქ არის ყველაზე მძაფრი, ტკივილიანი და შთამაგონებელი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლიათ ქალებს - დედები, რომლებმაც საკუთარი შვილები დაკარგეს, დღეს დაკარგულთა ბედის მოძიებაში სხვებს ეხმარებიან. ისინი არიან მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიაროთ მშვიდობისა და შერიგების გზით. მათ საკუთარი ძალებით მოწყობილ მუზეუმში, საკუთარი შვილების ფოტოების გვერდით, ომში გარდაცვლილი აფხაზი ახალგაზრდების სურათები აქვთ გამოფენილი, სანთელს ანთებენ და მათი ხსოვნისთვის ლოცულობენ. ამაზე დიდი გზავნილი, არც მშვიდობისა და არც შერიგებისთვის, არ არსებობს.

 „დღეს იმ ქალების სახელითაც ვისაუბრე, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტით ყოველდღიურად ზარალდებიან. იმ ქალების სახელით, რომლებიც მაგალითად გალში მშობლიურ ენას ვერ ასწავლიან, ცხინვალში ვერ გადაადგილდებიან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ. ზოგს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობა და მედიკამენტები ესაჭიროება. ასევე, ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების სახელით, რომლებიც უკვე ამდენი ხანია მის გათავისუფლებას ელოდებიან,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშილმა და აქვე საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაში ერთიანი ძალებით დახმარებისაკენ მოუწოდა.

მაღალი დონის კონფერენციაში 130-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და რეგიონალური ორგანიზაციების წევრები.