სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ნდობის აღდგენაში, ამით დაიმსხვრევა ის ხილული თუ უხილავი კედლები, რასაც რუსეთი მავთულხლართებითა და პროპაგანდით აგებს

5 დეკემბერი 2019

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით,  ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან ბევრს მიაღწია. რეფორმების თვალსაზრისით იგი რეგიონში წამყვანი ქვეყანაა და  არაერთი ხელშესახები შედეგი არსებობს. მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების, ადამიანის უფლებების, ტურიზმის, ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით  და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისათვის,  უვიზო მიმოსვლის მიღწევით.

თუმცა, ქეთევან ციხელაშვილმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები  უვიზოდ მოგზაურობენ ათასობით კილომეტრის იქით, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში, რამდენიმე მეტრში ვერ ახერხებს გადაადგილებას რათა სამეურნეო მიწაზე მივიდეს, სასაფლაო მოინახულოს, ან მეზობელს ხელი ჩამოართვას, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ორი რეგიონის იზოლირებას ახდენს.

„დღეს ვისაუბრე კონკრეტულ პრობლემებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ იმ პირობებში, როცა ერთადერთი გადასასვლელი ახალგორის მიმართულებით უკვე მესამე  თვეა  ჩაკეტილია და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი გვაქვს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს, ვთხოვე, რომ ამის თაობაზე ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადან ეს კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხია.

„ვისაუბრე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელიც ყველა მცდელობის მიუხედავად დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება, რაც მიუღებელი და გაუმართლებელია. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აქცია გამართა მის მხარდასაჭერად და პროტესტის გამოსახატავად იმ უკანონობის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს. მე მივმართე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სხვა ქვეყნებიდან, რომ  მათაც შეუერთონ ხმა, რადგან ეს არის გამოვლინება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიმართ, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, არამედ მთლიანად იმ პოლიტიკისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს.

„მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტია. ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს  - გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფით, ადამიანის უფლებების დაცვით და იმ მახინჯი პრაქტიკის შეწყვეტით, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების წამოჭრა რუსეთთან, აბსოლუტურად ყველა პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე, ვიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უფრო კომპლექსურ ხედვებზე. ჩვენ ამისთვის პროაქტიული სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს, რასაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ევროკავშირი მხარს უჭერს. სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან კონკრეტული და განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ხალხთა შორის კონტაქტისა და ნდობის აღდგენაში. ამით დაიმსხვრევა ის ხილული თუ უხილავი კედლები, რასაც რუსეთი მავთულხლართებითა და პროპაგანდით აგებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნა.  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. იგი  სამოქალაქო საზოგადოების 200-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირიდან. აქ აგრეთვე იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები.