ქეთევან ცხიელაშვილმა რომის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებთან ლექცია წაიკითხა

4 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რომის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებს შეხვდა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში" დაათვალიერა.

გამოფენაზე 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტერების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ფოტოები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ტრაგედიასა და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავდა.

სახელმწფო მინისტრმა სტუდენტებთან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ლექცია წაიკითხა. ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანონო დაკავებებსა და გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის განსაკუთრებულად დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებთან გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სირთულეებზეც ისაუბრა, რომელთაც მათ მავლთულხლართების პირისპირ ყოფნა უქმნის. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკითა და კონკრეტული ინიციატივებით. დასვეს კითხვები, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრმა ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე აუდიტორიასა და საქართველოს საელჩოს იტალიაში აღნიშნული თემებით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.